logo
ENG



პუტინის თქმით, რუსული ჯარი დონბასში "ნაცისტური სიბინძურისგან" გათავისუფლებისთვის იბრძვის

08 მაი 202214:39
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება  ე.წ დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკებს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს მიულოცა და განაცხადა, რომ მათ ნაციზმის დაბრუნება არ უნდა დაუშვან.  

კრემლის განცხადების მიხედვით, პუტინმა ფაშიზმზე გამარჯვების დღე აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსიის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვას, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, ასევე თვითაღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის  ე.წ ლიდერებსა და მოქალაქეებს და ასევე "საქართველოსა და უკრაინის ხალხს" მიულოცა.

რუსეთის პრეზიდენტიჩამოთვლილ ქვეყნებს მეორე მსოფლიო ომის შესახებ "სწორი ინფორმაციისა და ძმური მეგობრების ტრადიციების შემონახვისკენ" მოუწოდა. 

„დღეს ჩვენი საერთო მიზანია ნაციზმის აღზევებას, რომელმაც სხვადასხვა ქვეყნის უამრავ ადამიანს უდიდესი ტანჯვა მოუტანა, ხელი შევუშალოთ. აუცილებელია, შევინახოთ და შთამომავლობას გადავცეთ სიმართლე ომის წლების მოვლენებთან დაკავშირებით, ასევე საერთო სულიერი ღირებულებები და ძმური მეგობრობის ტრადიციები“, - წერია პუტინის განცხადებაში.

დონბასის ე.წ რესპუბლიკებისადმი მიმართვისას პუტინმა განაცხადა, რომ რუსი სამხედროები "მშობლიურ მიწისთვის" იბრძვიან, რათა ის "ნაცისტური სიბინძურისგან გაათავისუფლონ".

„დღეს ჩვენი სამხედროები, როგორც მათი წინაპრები, მხარდამხარ იბრძვიან მშობლიური მიწის ნაცისტური სიბინძურისგან გასათავისუფლებლად. ისევე როგორც 1945 წელს, გამარჯვება ჩვენი იქნება“. - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

 

close დახურვა